„ვიდეოს ნაწილი დადეს, გაცილებით უარესიც ვუთხარი წითლიძეს, რასაც კამერების წინ ვერ ვიტყვი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც პარლამენტში სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მათი მოთმენა რთულია და რომ არა პოლიტიკოსების თმენის ვალდებულება, არ იცის, რა მოხდებოდა.
„გაცილებით მეტი ვუთხარი, მაგრამ რაღაც ნაწილი მოჭრეს და ის დადეს, გაცილებით უარესი ვუთხარი, რასაც კამერების წინ ვერ ვიტყვი. დიახ, კამერები როცა გასული იყო, ვისაც რა ეკუთვნოდა, ის ვუთხარი. მეტს არ ვიტყვი, იყო ისეთი რამ, რაზეც კამერებთან არ ვსაუბრობ. როცა რუსული საქმის მკეთებლები პროდასავლელებად დეკლარირებენ, ეს რთული ასატანია, ვაღიარებ ამას. წინ რომ გისხედან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ პარტიას, რომელმაც ქართველ სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალა და უამრავი რუსული საქმე აკეთა, ამის მოთმენა პრაქტიკულად შეუძლებელია. რომ არა პოლიტიკოსების თმენის ვალდებულება, არ ვიცი, აქ რა მოხდებოდა. ძალიან კარგია, რომ თმენის ვალდებულება არსებობს და მაქსიმალურად ვცდილობთ ამ წესის დაცვას.
რაც შეეხება შშმ პირების თემას, როცა პოლიტიკური მიზნებისთვის ასეთ სტრესს აყენებ ბავშვებს, შშმ პირებს, შვილებს და ამაზე რომ ტაშს უკრავს ვიღაც და ამით თავს გამოიდებს, ასეთ ხალხს ყველაფერი ეკუთვნის. ამაღელვებელი ფოტო ვნახე - ყურებში თითებგარჭობილი ბავშვი, ამ მარაზმის შედეგად, წარმოუდგენელი ამბავია“, - განაცხადა მდინარაძემ.