ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

17-05-2023, 22:15 - 2023
435
       

ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ დეპუტატი ბაჩუკი ქარდავაც ტოვებს. 


ქარდავას თქმით, დღევანდელ ფონზე ფრაქციიდან წასვლის გადაწყვეტილება აბსოლუტურად ადეკვატურია.

„მთელი ჩემი შეგნებული პოლიტიკური საქმიანობა მივუძღვენი ბრძოლას იმასთან, ვინც ამ ქვეყანაში რუსულ საქმეს აკეთებს. ასეც ვაპირებ გავაგრძელო. გადამწყვეტ მომენტში ჩემთვის უცხო არასოდეს ყოფილა არც რადიკალიზმი და არც უკომპრომისობა. დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებისთვის ხვალ და ზეგ უფრო ნათელს გახდის, არაფერი ჰქონია საერთო “ქართული ოცნების“ ინტერესებთან - ეს ცხადზე ცხადია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 29 კანდიდატიდან ევროსაბჭოს რეკომენდაციების მოტივით და იმ ფონზე, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მთლიანად ოპოზიციის ხელისუფლებასთან კომპრომისზე, გამოიწვია ის, რომ რიგმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო.

ამ დეპუტატებს შორის რამდენიმე კანდიდატს ხმა მეც მივეცი, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ არანაირი მოტივაცია და ინტერესი გარდა იმისა, რომ ამ კანდიდატებს შორის იყო რამდენიმე მისაღები და ბევრი მათგანი მიუღებელი ოცნებისთვის, არ ყოფილა. ისიც ფაქტია, რომ “ქართული ოცნება“ საბჭოში ისედაც უმრავლესობას ფლობს და ამ კენჭისყრას რაიმე ბონუსი ამ კუთხით არ შეუქმნია.

ის რაც მოჰყვა ამ ფაქტს ჩემი კოლეგების მხრიდან, ემოციურ შეფასებებს არ ვგულისხმობ, ამ ეტაპზე შეუძლებელს ხდის ჩვენს თანამშრომლობას ერთი ფრაქციის ფორმატში, თუმცა ვიყავი და დღესაც ვრჩები აქტიური მომხრე იმისა, რომ ოპოზიციის ერთობა არის გადამწყვეტი “ქართული ოცნების“ დამარცხების საქმეში“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები