ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სამმა დეპუტატმა დატოვა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სამმა დეპუტატმა დატოვა
17-05-2023, 22:01 - 2023
339

ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. 


ამის შესახებ ნიკა მაჭუტაძემ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

„დეპუტატები - როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და მე, ნიკა მაჭუტაძე, რომლებიც საქართველოს პარლამენტში არჩეული ვართ მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" პარტიული სიით, ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ ფრაქციას სახელწოდებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“. აქვე ვადასტურებთ, რომ ჩვენ დღევანდელ გადაწყვეტილებას სრულად ვიზიარებთ და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები დამალვაზე საუბრობდნენ, რასაკვირველია უარვყოფთ და ვაცხადებთ, რომ ჩვენ არსად ვიმალებით.

ზოგიერთი ტელევიზიის მხრიდან საუბარი იყო გარიგებაზე. ეს არის უსინდისო ტყუილი. როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე არავის გარიგებია. „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაცია არ გვქონია. „ქართულ ოცნებასთან“ არ გვქონია შეხვედრა. „ქართულ ოცნებასთან“ არ გვქონია სატელეფონო ზარი. ჩვენ არაფერი გვაკავშირებს „კლანთან“. იმ „კლანთან“, რომელიც იუსტიციის საბჭოში ძალიან მტკიცედ არის ჩამჯდარი...

მე ვაცნობიერებ იმას, რომ ამ საზოგადოებრივი რეაქციიდან გამომდინარე, იმ რეაქციიდან გამომდინარე, რაც საქართველოს დემოკრატიულ საზოგადოებას გაუჩნდა, შესაძლოა ჩვენი ეს პოზიცია ყოფილიყო რასაკვირველია ერთგვარი კომუნიკაციის პრობლემა, ასევე კომუნიკაციის პრობლემა ზოგადად ოპოზიციურ ფლანგში,  რომელიც ჩვენ გვქონდა. არავის არ განუცხადებია ჩვენთვის, რომ ხმის მიცემის პროცედურა არ იყო, არავის ეს უთქვამს. არავის არ უთქვამს, რომ ხმა არავის არ მივცეთ, ასეთი შეთანხმება არ არსებობდა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამის შესახებ არც გაფრთხილებულები ვიყავით და არც შეთანხმებულები ვიყავით. 

ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ რახან ეს არის ევრორეკომენდაციის საკითხი და იმ 12 პუნქტის საკითხი, ჩვენ მივცემდით ხმას სიას, რომელიც იყო წარმოდგენილი პარლამენტში, მაგრამ იმდენად რამდენადაც ჩვენ ამ მოლაპარაკებებში ჩართული არ ვყოფილვართ და ჩვენი ინფორმირება არ მომხდარა აქამდის, მოხდა ეს შეცდომა, ამას მე ვაღიარებ ჩემს პირად პოლიტიკურ შეცდომად, ვცნობ ჩემს პირად პოლიტიკურ შეცდომად“, - ამბობს ნიკა მაჭუტაძე.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა