„არა, სრულებით არა“, - ასე პასუხობს ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის შეკითვას, განიხილავს თუ არა ის ქართულ პოლიტიკაში მოსვლას.
როგორც არახამიამ განაცხადა, საქართველოს მთავრობამ მასზე მორიგი „ფეიკ ნიუსი“ გაავრცელა.
„არა, სრულებით არა. გავრცელდა მორიგი ფეიკი, მორიგი ცრუ ინფორმაცია საქართველოს მთავრობისგან ჩემზე. მე ძალიან ბევრ ქართველთან მაქვს ურთიერთობა, მათ შორის სოციალური მედიით და ჩემი გზავნილები სწორედ ამ ადამიანებთან კომუნიკაციის საფუძველზე ყალიბდება. ახლა არის ორი დიდი პარტია: "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", შუაში არიან პატარა ოპოზიციური პარტიები. ხშირად მიფიქრია, ამ პირობებში როგორ უნდა შეიქმნას კოალიციური მმართველობა, რაც ბევრ ქართველს უნდა, ქართველების უმეტესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება და არ უნდა რუსეთთან ომი. რაც სრულიად მართალია, ახლა რუსეთთან ომი საქართველოსთვის გაუმართლებელია.
ანუ დემოკრატიული საქართველო, ეკონომიკური კონტაქტებით, შავ ზღვაზე თანამშრომლობით, მათ შორის ფოთი ილიჩოვსკის პორტების კავშირებით, ომის შემდეგ ტვირთების გადასაზიდი კარგი მარშრუტი იქნება. უკრაინული ბაზარი ღია იქნება ქართველი ფერმერებისთვის, ინდუსტრიისთვის. ეს იქნება კარგი გზა ევროკავშირისკენ, ევროპული ბაზრისკენ. ამ ყველაფერს რაც ახლა ამუხრუჭებს არის, პოლიტიკური ნება“, - ამბობს არახამია.