განათლების სამინისტროს განცხადებით, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა საგრძნობლად იკლო.
სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსი მასწავლებელთა 4,3%-ს, ხოლო მოსწავლეების 1,5%-ს დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 314 სკოლა იმყოფება, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 2-ჯერ არის შემცირებული. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი კი რისკის ჯგუფის 132-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს. სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა. მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ამ პროცესში 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში ჩართულია სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმი. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.