საპარლამენტო უმრავლესობისა და მმართველი პარტიის წევრი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები დაწესებულია.
როგორც მან აღნიშნა, ოლიგარქი დასაჯეს იმიტომ, რომ ქვეყანას არ უღალატა.
„ფაქტობრივი, დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე დაწესებულია და ეს სანქციები შეეხება 2 მილიარდ დოლარს და დამატებით კითხვაზე, თუ რატომ ხდება ეს, იმიტომ რომ სამშობლოს არ უღალატა.
ეს არის ყველაზე მოკლე და რეალური პასუხი, რომელიც გამომდინარეობს იმ ინფორმაციებიდან, რაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თქვენც, ჟურნალისტებმაც და საზოგადოებამაც კარგად იცის.
უამრავი ახალი ამბავი გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რა მეთოდებით ხდება ამ თანხების დაბლოკვა და ეს ხდება მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველო ამ ომში არ ჩაერთო.
საქართველოს რომ არ უღალატა და არ დაჰყვა გარკვეული ძალების ნებას, დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთო ომში, ამისათვის ცდილობენ მის დასჯას და მის მიმართ დაწესებულია კონკრეტული დე ფაქტო სანქციები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.