„ლელო - პარტნიორობა თბილისისთვის“ დედაქალაქის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს გარემოვაჭრეების საკითხთან დაკავშირებით ფრაქციის სხდომაზე იბარებს.
აღნიშნულის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა „ლელოდან“, საბა ბუაძემ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გარემოვაჭრეებზე სამარცხვინო იერიში მიიტანა.
„ბატონმა კალაძემ, ამ ქალაქის მარია ანტუანეტამ ძალიან ვერაგი და სამარცხვინო იერიში მიიტანა ჩვენი საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ნაწილზე, გარემოვაჭრეებზე. კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ გარევაჭრობიდან ადამიანები კარგი ცხოვრებით არ არიან დაკავებული. ეს არის გადარჩენის ერთადერთი საშუალება ბევრი ამ ადამიანისთვის. ღამით ამ ადამიანებს გადაუყარეს საქონელი, აულაგეს დახლები ისე, რომ ძალიან ბუნდოვანი სამართლებრივი დასაბუთებით გაკეთდა ეს ყველაფერი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გარემოვაჭრეების ასე ესმის მერიის ადმინისტრაცია. სწორედ ამიტომ, გვინდა მივმართოთ თბილისის მერიასა და მუნიციპალურ ინსპექციის ხელმძღვანელს, რომ მობრძანდეს საკრებულოში ჩვენი ფრაქციის სხდომაზე და პასუხი გასცეს კითხვებს, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით დაგროვდა“, - განაცხადა საბა ბუაძემ.