„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერს.
ამის შესახებ ბრიფინგზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა იქნება და უნდა იყოს, მთავარი ძალა, რომელიც შეძლებს ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოშლას და ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას. ოღონდ, ის ამას მარტო ვერ შეძლებს და საჭირო იქნება დიდი პოლიტიკური ერთობის გაკეთება ამ ქვეყანაში. ნიკა მელია ყველაზე უფრო მეტად ასხივებს იმას, რომ მას შეუძლია დიდი ოპოზიციური ერთობის ორგანიზება, სწორედ ამიტომაც, ბუნებრივია, ჩვენი მხარდაჭერა ექნება ნიკა მელიას“, - თქვა გიორგი კირთაძემ.
ნიკა მელიას უჭერს მხარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაცია.
ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი კილაძემ ისაუბრა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის სახელით, მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას და ვუსურვოთ წარმატებები არჩევნებში. მიგვაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის თითოეული წევრისთვის დღეს პირველი საზრუნავი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და2023 წელს საქართველოში ოლიგარქიული რეჟიმის დასასრულია. ნიკა მელიას საარჩევნო შტაბს ქუთაისში უხელმძღვანელებს, გაგა მანაგაძე, ხოლო საორგანიზაციო მდივანი იქნება პაატა ღაჭავა“, - თქვა კილაძემ გამართულ ბრიფინგზე.