„შიში არაა დამაკნინებელი, ნეტავ მათაც შეშინებოდათ 2008 წელს, როდესაც 20%-ის ოკუპაციის შესაძლებლობა მისცეს“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „პალიტრის ეთერში“ რუსეთ-უკრაინის შესახებ ლაპარაკისას განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რეზოლუციაში რუსეთის ხსენება ომის შანს გაზრდიდა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია უკრაინის თემასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა კონკრეტულად რეზოლუციაშიც, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო - სულ რამდენიმე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ასეთი საპარლამენტო რეზოლუცია მიიღო უკრაინის თემაზე და ერთ-ერთია საქართველო.
ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, რაც ჩვენი მხრიდან იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გავაკეთეთ აქცენტი მთავარ ამოცანაზე, რაც არის ომის არდაშვება და აქეთკენ უნდა იყოს თითოეული ნაბიჯი მიმართული, მათ შორის რიტორიკაც.
ჭარბად მძაფრი რიტორიკა, რასაც ჩვენი ოპონენტები ითხოვენ, გვგონია, რომ უფრო მეტად დასხამს წყალს იმ დისკურსზე, რასაც ჰქვია ომის პროვოცირება, ვიდრე იმაზე, რაც ჩვენ გვინდა - ომის არდაშვება.
რაც შეეხება შიშს, შიშზე კეთდება აქცენტი იმისთვის, რომ ჩვენ დაგვაკნინონ რაღაც ფორმით. შიშიც რომ იყოს ჩვენი მამოძრავებელი, ამაშიც არაფერი იქნებოდა დამაკნინებელი, ნეტავ მათაც შეშინებოდათ 2008 წელს, როდესაც 20%-ის ოკუპაციის შესაძლებლობა მისცეს - იქ ვიღაცამ იმიტომ გააკეთა ეს, რომ მოღალატე იყო და ვიღაცამ იმიტომ გააკეთა, რომ არ შეეშინდა.
თუმცა, შემდეგ, რომ შეეშინდათ, გარბოდნენ სადახლოდან ქვეყნის დასატოვებლად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.