ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი 3 ოპოზიციონერი პარლამენტარისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ეხმაურება.
როგორც ელჩი აცხადებს, შესაძლოა, აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა.
„რაც შეეხება გადაწყვეტილებას რამდენიმე ოპოზიციური მანდატის შეწყვეტის თაობაზე, გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.