„ლელო - პარტნიორობა საქართველოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტა მისი პარტიის წინააღმდეგ რეტრიბუციაა.
სამადაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ „ლელოში“ ხედავს იმ ალტერნატივას, რომელსაც ამომრჩეველი დიდი ხანია ელოდება და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მათ პარტიას ბრძოლა გამოუცხადეს.
„კიდევ ერთი და ძალიან სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერა დღეს საქართველოს პარლამენტის ისტორიაში. დღევანდელი პრეცედენტი არის განსაკუთრებით საგანგაშო იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ, ყველა ინსტიტუცია, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, არის ბიძინა ივანიშვილის სამსახურში ჩამდგარი - სასამართლო, პარლამენტში უმრავლესობა.
ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე, ამას ჩვენ ვუპასუხებთ ძალიან ადეკვატური და მძლავრი ნაბიჯებით, რასაც საზოგადოება დაინახავს უახლოეს დღეებში. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს ქვეყანა დავუთმოთ ივანიშვილს, იმ სამარცხვინო უმრავლესობა, რომელიც დღეს ამ პარლამენტში მონური მორჩილებით ასრულებს ყველა დავალებას, რომელსაც იღებს.
ეს არის პოლიტიკური რეტრიბუცია „ლელოს“ წინააღმდეგ იმიტომ, რომ ძალიან კარგად ხედავს „ქართული ოცნება“, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვქმნით იმ ალტერნატივას საზოგადოებისთვის, რომელსაც ჩვენი ხალხი და ამომრჩეველი დიდი ხანია ელოდება. ამიტომ არის რომ გამოგვიცხადეს მორიგი პოლიტიკური ბრძოლა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრს, ბადრი ჯაფარიძეს, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრს, შალვა ნათელაშვილსა და „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას მანდატი შეუწყვიტა.