ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე განიხილება.
როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საკითხი არც აქამდე განუხილავს და არც ახლა განიხილავს.
„არა, არ განვიხილავ ამ საკითხს, მე არ ვარ ადამიანი, ვის ნაცვლადაც შეიძლება სხვებმა მიიღონ გადაწყვეტილება. ახლა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ტრანსფერი არის უპირველესად ჩემი და ჩემი ბევრი მეგობრის საზრუნავი. არჩევნები არის დემოკრატიული პროცესი, არავინ არჩევნების წინააღმდეგი არ ყოფილა. მე ჩემი კანდიდატურა არც განმიხილავს და არც განვიხილავ, იმიტომ, რომ რეალურად ვთვლი პარტიაშიც და პარლამენტშიც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია მაქვს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ითხოვს. კერძოდ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგი გუშინ გამართეს, სადაც მოითხოვეს, რომ პარტიის პოლიტსაბჭო და სამდივნო ხელახლა დაკომპლექტდეს და ასევე, აირჩეს პარტიის ახალი თავმჯდომარე.
აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. როგორც მან აღნიშნა, მზად იყო და მზად არის მონაწილეობა მიიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში. ამასთან, დასძენს, რომ არჩევნების საკითხზე პარტიაში იყო თანხმობა, მსჯელობის საგანი კი მხოლოდ ვადები და პროცედურული საკითხები იყო, „როდის და როგორც ჩატარდებოდა არჩევნები“.