„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ის პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.
მისივე თქმით, არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პარტიის წევრების ნაწილის მოთხოვნას მხარს უჭერს.
„იმ ადამიანებს, ჩვენი პარტიის ფუნდამენტს, ჩვენი ორგანიზაციის ფესვებს, ვინც გუშინ გამოვიდა და ეს ინიციატივა გაახმოვანა, მე აბსოლუტურად მხარს ვუჭერ, ვემხრობი და სხვანაირად არც შეიძლება იყოს და არც წარმომიდგენია. ცხადია, პარტიის შიგნითაც ბოლო პერიოდში იყო საუბრები ყველა დონეზე არჩევნების ჩატარებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საკრებულოს დეპუტატები მთელი საქართველოდან, თბილისიდან, რეგიონებიდან ასეთ ინიციატივას ასახელებენ, უბრალოდ უფლება არ გვაქვს ყური არ დავუგდოთ და არ გავითვალისწინოთ მათი აზრი. აქედან გამომდინარე, იმასაც მივესალმები, რომ თავმჯდომარემ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს გამოწვევა მიიღო და მიიღო გადაწყვეტილება, რომ არჩევნები დაინიშნოს. მან ისიც თქვა, რომ ისიც ხელახლა იასპარეზებს თავმჯდომარის პოსტზე ამ არჩევნებში. დაველოდოთ ვინ იქნება სხვა კანდიდატურა. მე არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ადამიანები გამოჩნდებიან. მე სხვა ადამიანებთან დაკავშირებით, ვერ მოგახსენებთ, თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ითხოვს. კერძოდ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგი გუშინ გამართეს, სადაც მოითხოვეს, რომ პარტიის პოლიტსაბჭო და სამდივნო ხელახლა დაკომპლექტდეს და ასევე, აირჩეს პარტიის ახალი თავმჯდომარე.
აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. როგორც მან აღნიშნა, მზად იყო და მზად არის მონაწილეობა მიიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში. ამასთან, დასძენს, რომ არჩევნების საკითხზე პარტიაში იყო თანხმობა, მსჯელობის საგანი კი მხოლოდ ვადები და პროცედურული საკითხები იყო, „როდის და როგორც ჩატარდებოდა არჩევნები“.