„საინტერესოა რა გახდა მიზეზი იმისა, რომ მაინცდამაინც საქართველოსკენ გამოიშვირეს ხელი. მათი ეს პროპაგანდა ემსახურება მარტივ რამეს, რუსეთი შედის დაშინების პოლიტიკაში. დაშინების ადრესატი საქართველოს ხელისუფლებაა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
დავითულიანის შეფასებით, საქართველო ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს, იმიტომ რომ რუსეთს ყოველთვის აქვს ძალა იმისთვის, რომ რაღაცა გაგვიფუჭოს, „მაგრამ დღეს რუსეთს არ აქვს იმის ძალა, რომ ფართომასშტაბიანი აგრესია აწარმოოს საქართველოს მიმართ“.
„ყირიმის ხიდი იყო რუსული ოკუპაციის სიმბოლო და, შესაბამისად, პუტინის რეჟიმისთვის ძალიან მტკივნეული იყო ამ ხიდის დაზიანება. არ მგონია, რომ ის გამოძიება, რომელსაც რუსეთი ჩაატარებს, ჩვენთვის სარწმუნო იყოს, რადგან რუსეთისთვის პოლიტიკური ხაზი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეალური შეფასება.
რუსეთს საქართველოსთვის ოფიციალურად ჯერ რამე კითხვა არ წამოუყენებია. მედიაში ვრცელდება გარკვეული ინფორმაცია, ოღონდ სახელმწიფო დონეზე რუსეთს არ გაუკეთებია რეაქცია და არ მოუმართავს საქართველოსთვის.
აბსურდია ის ბრალდება, რომ საქართველომ გაატარა ტვირთი, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ყველა საბაჟო პუნქტის კონტროლი მიმდინარეობს ზედმიწევნით კარგად, სწორედ, იმიტომ რომ სანქცირებული ტვირთი არ შემოვიდეს. კონტროლს მხოლოდ ჩვენ არ ვახდენთ, დასავლელი პარტნიორებიც ინფორმირებულები არიან, რა ტვირთი გადის ქართულ საბაჟოებში, შესაბამისად, ჩვენს საბაჟოში საეჭვო ტვირთი ვერ გაივლიდა. ფოთის პორტში საეჭვო ტვირთის მქონე მანქანა ვერ გაივლიდა, ამას ვამბობთ ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები და იმ ოფიციალური უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ამ ტვირთებს აკონტროლებენ და ამაზე ვართ პასუხისმგებლები. საინტერესოა, რა გახდა მიზეზი იმისა, რომ მაინცდამაინც საქართველოსკენ გამოიშვირეს ხელი. მათი ეს პროპაგანდა ემსახურება მარტივ რამეს, რუსეთი შედის დაშინების პოლიტიკაში. დაშინების ადრესატი საქართველოს ხელისუფლებაა“, - განაცხადა დავითულიანმა.