„მე არ ვიტყოდი, რომ ჩვენ სასწრაფოდ ზუსტად იგივე ნაბიჯი უნდა გადავდგათ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება თუ საკითხი პარტნიორებთან არ იქნება გულდასმით გავლილი.
„იენს სტოლტენბერგმა უკვე განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება 30 ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე უნდა მოხდესო. უკვე რამდენიმე თვეა ფინეთის და შვედეთის შესაბამისი განაცხადი არსებობს და ეს პროცესი მიმდინარეობს. გამომდინარე აქედან მე არ ვიტყოდი, რომ ჩვენ სასწრაფოდ ზუსტად იგივე ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ყველაფერს სჭირდება ბოლომდე აწონდაწონვა. ის, რომ ჩვენი მისწრაფება ნატო-სკენ და ევროკავშირისკენ ღიაა და გაცხადებულია ამაზე ყველა შეთანხმებულია. უნდა ვიცოდეთ იქიდანაც {ნატო} კონკრეტული მზაობები როგორია და რა რისკებია საპირწონედ დადებული იმიტომ, რომ რუსეთს ყველა წითელი ზოლი გადალახული აქვს და არც მას აქვს უკან დასახევი, ამას შეიძლება მოჰყვეს აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ანალოგიური პროცესების განვითარება რა პროცესებიც დღეს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხდა. ამიტომ ვამბობ, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება თუ პარტნიორებთან არ იქნება ეს საკითხი გულდასმით გავლილი. ის, რომ ჩვენ ეს არჩევანი გაკეთებული გვაქვს კამათის საგანს არ წარმოადგენს.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები რას იტყვიან ეს არ არის, არც ჩვენი ხელისუფლებისთვის და არც საქართველოსთვის სამოქმედო გეგმა. მათი შეფასებებს რომ გავყოლოდით, ახლა ჩვენ სულ სხვა მდგომარეობაში ვიქნებოდით. ბევრად უფრო სავალალო მდგომარეობაში ვიქნებოდით, ვიდრე 2008 წელს ვიყავით“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.