„ევროკავშირმა თუ „დაგვაპაშოლა“ და გვითხრა, მზად არ ხართ, რადგან ხელისუფლება გყავთ შესაცვლელიო, ნატო-ს პასუხიც იგივე იქნება“, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, განაცხადი საქართველოსაც უნდა შეჰქონდეს, „ნორმალური ხელისუფლება რომ გვყავდეს, მაგრამ იმედი, რომ დღეს ეს ხელისუფლება რამეს გააკეთებს, არ უნდა გვქონდეს“.
„ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი არ არის იმდენად გამაღიზიანებელი რუსეთისთვის და პუტინისთვის, რამდენადაც ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანება იქნება. ნატო არ არის მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ალიანსი. ნატო იგივე ტიპის რეფორმებს ითხოვს, რასაც ევროკავშირი“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, უკრაინა ნატო-ში შესვლის განაცხადს აკეთებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ.