„ყოველდღიურად საკუთარ ფეხში ისვრიან საკუთარივე განცხადებებით, ეშინიათ ნებისმიერი მსხვილკალიბრიანი გადაწყვეტილების მიღების“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
კახა ქემოკლიძის შეფასებით, არ ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რაიმე „წინა მოთელვითი სამუშაოები“ აქვს ჩატარებული ნატო-ს წევრ ქვეყნებთან დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„მე არ ვიცი, რა ტიპის კომუნიკაცია არსებობდა პრეზიდენტ ზელენსკისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბაიდენს ან თუნდაც სტოლტენბერგს, პრეზიდენტ მაკრონსა და კანცლერ შოლცს შორის. შესაძლებელია მათ ფარდის მიღმა კომუნიკაცია ჰქონდათ და გარკვეულწილად წინა მოთელვითი სამუშაოები უკვე არსებობს, მაგრამ მე არ მაქვს განცდა, რომ წინა მოთელვითი სამუშაოები ქართველებსა და საქართველოს ხელისუფლებას ჩატარებული აქვთ. მე მგონია, რომ პირიქით, საკუთარი განცხადებების ტყვეობაში შევიდა საქართველოს ხელისუფლება ისევე, როგორც მთლიანად პარტია „ოცნება“ და ყოველდღიურად საკუთარ ფეხში ისვრიან საკუთარივე განცხადებებით. ეშინიათ ნებისმიერი მსხვილკალიბრიანი გადაწყვეტილების მიღების“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.