პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
ნინო ლომჯარიას თქმით, არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოვლინდა შსს-ში, თავდაცვის სამინისტროში და ფსიქიატრიულშიც.
„პენიტენციური დაწესებულებების უმთავრესი პრობლემა არაფორმალური მმართველობაა, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. პრობლემაა ასევე, პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით, ხანგრძლივად განთავსება. კვლავ შენარჩუნებულია შემოწმების მიზნით, პატიმრების სრული გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების პრაქტიკა.
პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება არ ეფუძნება ლოგიკას და კანონის მოთხოვნებს. წლიდან წლამდე მცირდება პირობით ვადამდე გათავისუფლებულთა რაოდენობა.
არასათანადო მოპყრობის შემთხვევები გამოვლინდა პენიტენციურ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სფეროებსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. არასათანადო მოპყრობას უტოლდება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული საცხოვრებელი და სამედიცინო პირობები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ფარგლებში, 2021 წელს ცნობილი გახდა არასათანადო მოპყრობის, დაკავებულის დამცირებისა და ღირსების შემლახავი მოქმედებები.
თავდაცვის სფეროში გრძელდებოდა სამხედრო მოსამსახურეების არაფორმალური და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა, გამოვლინდა არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რომლებიც ცნობილი იყო გენერალური ინსპექციისთვის, თუმცა, სახალხო დამცველის ოფიციალურ მიმართვამდე საქმე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის არ გადაუგზავნია“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.