ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მხარდამჭერი აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჩაშალა.
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში, ლაივის დროს განაცხადა, ის პეტრე ცისკარიშვილს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 30-ე დღეს, რუსთავის ციხესთან შეხვდა და აქციის საორგანიზაციო საკითხებში ფინანსური დახმარება სთხოვა, რაზეც ცისკარიშვილმა უპასუხა, რომ „სხვა ფრონტზე იბრძოდნენ“.
„ამ ადამიანს აბარია პარტიის ფული, ის განსაზღვრავს ხარჯვით ნაწილს. რუსთავის ციხესთან შევხვდი. იქ მიხეილ სააკაშვილის ნამდვილი გულშემატკივრებიც და არანამდვილებიც იყვნენ, ვუთხარი, რომ სცენა იყო საჭირო.
ეს ადამიანი აგრესიული გახდა - ჯერ დათვლილი რატომ არ მომიტანეო. იქვე ფიცარი ეგდო, მიმითითა, ეს საკმარისი არ არისო?! ამაზე რა რეაქცია მქონდა და რა ვუთხარი, ამას აქ არ ვიტყვი. თავიდან მითხრა, ჩვენ მეორე ფრონტი გვაქვსო, ვადამდელს ითხოვდნენ.
ბოლოს მითხრა, რომ პარტიაში დავილაპარაკებთო. საბედნიეროდ, ამ შეხვედრას მიშას ნამდვილი მხარდამჭერიც ესწრებოდა, რომელიც წავიდა პარტიაში და აუხსნა, რატომ იყო საჭირო აქციის ჩატარება და სწორედ ამ ადამიანის მონაწერი დამხვდა გამთენიის ხუთ საათზე, რომ პოლიტიკურ დაფინანსებაზე უარიაო. არ მოვყვები, კიდევ რაზე იყო უარი“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.