„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძემ კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ჰკითხა, რატომ არ აწვდის მედიის ნაწილს ინფორმაციას იმ ღონისძიებებზე დასასწრებად, რომელიც მისი უწყების მიერ არის ორგანიზებული.
სამნიძე დაინტერესდა, როდემდე აპირებს კულტურის სამინისტრო მედიის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას.
„მგონი, თქვენ ერთადერთი მინისტრი ხართ, რომელიც მედიის კლასიფიკაციას ახდენს. მედიის ნაწილს თქვენი მოსაზრების შესაბამისად არ აძლევთ ინფორმაციას სხვადასხვა ღონისძიებებზე დასასწრებად, რომელსაც თქვენი უწყება აორგანიზებს. ამას რამდენ ხანს აპირებთ, რა არის ამის საფუძველი და რამდენად სწორად მიგაჩნიათ? თქვენ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად მყოფი მინისტრი ხართ ამ ხელისუფლების პირობებში, რა მაგალითს აძლევთ თქვენი ხელისუფლების სხვა წევრებს, რომლებიც არ ჩამოგივარდებიან სხვადასხვა ტელევიზიების და მედიასაშუალებების მიმართ, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება ღიად, რომ არ დაუშვათ და არ აცნობოთ ინფორმაცია სხვადასხვა ტელევიზიებს, რამდენად სწორად მიგაჩნიათ? რამდენ ხანს აპირებთ, რომ ასე გააგრძელოთ?“, - მიმართა სამნიძემ წულუკიანს.