გამყრელიძე - ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კორექტულობა აკლდა

გამყრელიძე - ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კორექტულობა აკლდა
22-09-2022, 16:46 - 2022
390

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რომ ის „დამსახურებულ პენსიაზე გავიდა“ კორექტული არ იყო. 

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რაც შეეხება განცხადებას, რაც გაკეთდა, დელიკატურად რომ ვთქვა, ალბათ, ცოტა კორექტულობა აკლდა. მინდა დავიჯერო, რომ უფრო იმპულსური იყო. მე თვითონ გახლდით მინისტრი და ჯანდაცვის არცერთ მინისტრზე ცუდი არაფერი მითქვამს არასდროს და არც დღევანდელ მინისტრზე ვიტყვი რაიმეს, თუმცა იმ გამოთქმაში ცოტა მეტი კორექტულობა იყო საჭირო. 

მე 10 წლის წინ სხვა, საერთაშორისო დაგროვებითი პენსია დამენიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციში მუშაობის გამო, ამიტომ სახელმწიფო პენსიას ვერ მივიღებ. სხვათა შორის, პენსიაზე რომ უნდა გავსულიყავი, სწორედ მაშინ, 2012 წელს შემომთავაზეს ხელმეორედ ჯანდაცვის მინისტრობა.

მე არ მიყვარს, როდესაც ჩემს კოლეგებზე ვსაუბრობ. „საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო“. ახალგაზრდა კაცია, გასაგებია, რომ ჯანდაცვის სექტორში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა. მენეჯერული გამოცდილება აქვს. მე ვურჩევდი, რომ ამ განცხადებამდე მადლობა გადაეხადა სამედიცინო საზოგადოებისთვის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საზოგადოებაა და რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობდა და ითამაშებს ქვეყნისთვის განსაკუთრებულ მდგომარეობებში, რომელიც ბოლო სამი წელი იყო პანდემიის პირველ ხაზზე. პანდემია ჯერ არ დასრულებულა, კაცმა არ იცის, რა და როგორ იქნება. გასაგებია, რომ უმრავლესობა ვემხრობით, რომ ვირუსი კიდევ უფრო დასუსტდება და იქცევა ენდემურ ვირუსად, შეიძლება მიუახლოვდეს სხვა კორონავირუსებს, რომლებიც საზოგადოებას არ აწუხებენ. მე მაინც მადლობით დავიწყებდი... კოვიდი იგივეა, რაც ომი. რა თქმა უნდა, გამოყოფილი თანხა უნდა გაკონტროლდეს, მისი ხარჯვა უნდა იყოს ხარჯთეფექტური. ის ხარჯები, რაც გამოიყოფა, მიზნობრივად უნდა იხარჯებოდეს. აქ ბევრი პრობლემა არსებობს, მინისტრმა ხომ თავად უარყო, რომ ეს მილიარდი არ გაფლანგულა. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ მას როგორ მინისტრს, მის კრიტიკას არ დავიწყებ, მაგრამ პანდემიაზე დანახარჯი საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით გაცილებით ნაკლებია ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში. ციფრებს მინისტრი უფრო ფლობს, პანდემიის დროს ხარვეზები დარწმუნებული ვარ, იყო და იქნებოდა, მაგრამ არ ვფიქრობ ამხელა თანხის გაფლანგვასთან და უყაირათოდ ხარჯვასთან გვქონოდა საქმე
“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა