„კოალიციად ფორმირების არანაირი გეგმა არ გვაქვს, მგონია, რომ ეს არარსებული ფაქტებით ნიუსის შექმნის მცდელობაა“, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი -მეტი თავისუფლებასა“ და „დროას“ კოალიციად ფორმირების თაობაზე.
რაც შეეხება პროევროპული ოპოზიციური ძალების ერთიანი მოძრაობის ჩამოყალიბების თაობაზე გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, პროევროპული ერთობა ისედაც არსებობს.
„არანაირ გაერთიანებაზე არ არის საუბარი. პროევროპული ერთობა ისედაც არსებობს. პოლიტიკურ სპექტრში ძალიან ნათლად არის გამოკვეთილი პარტიები, ვისაც საქართველო წარმოუდგენიათ ევროატლანტიკურ სივრცეში და ნათლად არის გამოკვეთილი პოლიტიკური ძალები, ვისაც არ წარმოუდგენიათ საქართველო ცივილიზებული სამყაროს ნაწილად და წარმოუდგენიათ რუსეთის უკანა ეზოდ.
ასეთი გამიჯვნა დღესაც არის პოლიტიკურ სპექტრში და როცა სხვადასხვა საკითხებზე ვთანამშრომლობთ და ერთობლივად ვიბრძვით არასწორი კანონპროექტების თუ სხვა პროცესების წინააღმდეგ, ეს არის ერთ- ერთი მთავარი ორიენტირი, რის საფუძველზეც საკითხების ირგვლივ გვაქვს ხოლმე ხან დიალოგი, ხან ერთობლივი მოქმედებები.
ეს არ წარმოადგენს სიახლეს ქართული საზოგადოებისთვის. კოალიციად ფორმირების არანაირი გეგმა დღეს „ლელოს“ არ გააჩნია და მგონია, რომ ეს არარსებული ფაქტებით ნიუსის შექმნის მცდელობაა, არ ვიცი ამის მიზანი და მოტივი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისათვის, „ლელოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „დროას“ შესაძლო გაერთიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დღეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საუბარი არ არის კოალიციის შექმნაზე, არამედ საუბარია პროევროპულ მოძრაობაზე, რომლის ფარგლებშიც ყველა პროდასავლურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს.