კაჭრეთში, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის გასვლით შეხვედრას პარტიიდან წასული ოთხეული -დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი ესწრებოდნენ.
მაჭარაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტა, რომ სხდომას ოთხივე დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სტატუსით ესწრებოდა და არა პარტიის.
„ეს არ იყო პარტიის სხდომა. საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა ნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას და არა პარტიის ან ფრაქციის. პარტია და ფრაქცია დავტოვეთ, მაგრამ მაშინვე ვთქვით, რომ ძირითად საკითხებზე არ გვაქვს განსხვავებული პოზიციები. არსებობს საკითხები, რაზეც გვაქვს განსხვავებული პოზიციები და ამის გამო დავტოვეთ პარტია და ფრაქცია. რეგლამენტის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობა ნიშნავს პარლამენტის წევრთა სიით საპარლამენტო უმრავლესობას და არა პარტიის წევრთა უმრავლესობას. არის საკითხები, სადაც გარკვეული ტიპის განხილვებშიც ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას და არა პარტიულ აქტივობებში. საპარლამენტო უმრავლესობაში შეიძლება რამდენიმე პარტიის წევრებიც იყვნენ, რაც ამ შემთხვევაში არის“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.