თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა. მათი ცნობით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ოთხი შენობა და მსუბუქი კონსტრუქცია უნებართვოდ იყო განთავსებული.
აფრიკის დასახლებაში მცხოვრები 3 ოჯახი ახლა საცხოვრებლების დანგრევას ელოდება. ადგილზე მცხოვრები პირები ამბობენ, რომ ინსპექციამ საკუთარი ხელით აშენებული სახლების დემონტაჟისთვის ორშაბათამდე მისცა დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში, დემონტაჟს მუნიციპალური ინსპექცია თავად განახორციელებს.
მოქალაქეების განცხადებით, წასასვლელი არსად აქვთ. მათი თქმით, აფრიკის დასახლებაში იმ ადგილას, სადაც სახლი ააშენეს, სანაგვე იყო, თავად გაასუფთავეს ტერიტორია, თუმცა ვიდრე მშენებლობა არ დასრულდა, მათთან არავინ მისულა.
„ერთი თვეა რაც ეს სახლი ავაშენეთ და აშენების დღიდან აქ ვცხოვრობთ. მოვიდნენ, გვემუქრებიან დანგრევით, არანაირი სხვა ალტერნატივას არ გვთავაზობენ, გამგებელიც იყო და ყველა, არც ლაპარაკი, არაფერი არ იყო. სანაგვე იყო აქ. რომ ვასუფთავებდით არავინ მოსულა, რომ ავაშენეთ ახლა მოვიდნენ. ჩემი სახლ-კარია, სხვა წასასვლელი არ მაქვს“, - განაცხადა აფრიკის დასახლებაში მცხოვრებმა.