იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მტკიცებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის.
მისივე თქმით, სახელმწიფო გეგმავს სამხარაულის ბიუროსთვის მიმართვას ალტერნატიული ექსპერტიზის ჩასატარებლად.
„ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში მივმართოთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდეს კომპლექსური ექსპერტიზა. როგორც მოგეხსენებათ, ეს ადამიანი რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფება უკვე კლინიკა ვივა მედში და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, როგორც იცით, ჯანმრთელობის მდგომარეობა წარმოადგენს საზოგადოების ინტერესს და ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც იქნება ცალკე ექსპერტიზისგან იმისათვის, რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო.
ამდენი ხნის განმავლობაში და ზოგადად ბატონი სააკაშვილის პატიმრობის პერიოდში, მას არაერთხელ გაეწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, როგორც უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე მე-18 სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე ის იმყოფებოდა გორში. და შემდგომში, როცა საჭირო გახდა, გადმოყვანილი იყო ვივა მედის კლინიკაში. ანუ, მთელ ამ პერიოდში, როდესაც მას სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, სახელმწიფოს მხრიდან, მას ეს გაეწია. აი ამას ვაკეთებდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. რაც კი ჭირდებოდა სამედიცინო კუთხით, სახელმწიფო ამას აკეთებდა“, - ამბობს ბრეგაძე.