„ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს.
მმართველი პარტია პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს დაარეგისტრირებს, რომლის მიხედვითაც, გაიწერება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები.
„მივიღეთ გადაწყვეტილება დღესვე დავარეგისტრიროთ ცვლილება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც, გაიწერება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, რაც გულისხმობს კეთილსინდისიერებას, მიუკერძოებლობას, მაღალ რეპუტაციას, სათანადო პროფესიულ ცოდნას და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკულ გამოცდილებას, ხოლო მეორე მხრივ, შეიქმნება საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცეს საგანგებო ბრძანება, სადაც განისაზღვრება კანდიდატების შეფასების წესი.
1. ნებისმიერ პირს შეეძლება, შეიტანოს განაცხადი სახალხო დამცველის კანდიდატობაზე.
2. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, მათ შორის იქნებიან პროფესიული და აკადემიური წრეებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, შეაფასებს თითოეულ კანდიდატს რეგლამენტში გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით. ამის შემდეგ კანდიდატები თავიანთი შეფასებებით წარედგინებათ საპარლამენტო სუბიექტებს, რომლებმაც თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უნდა წარმოუდგინონ სახალხო დამცველობის სულ მცირე შვიდი კანდიდატურა, მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული არ იქნება.
საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას და ამას მივანდობთ ოპოზიციურ სუბიექტებს და სამოქალაქო სექტორს. გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როცა შეიძლება ადგილი ჰქონდეს ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით“, - განაცხადა მდინარაძემ.