ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს.
„ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია და ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობენ:
- 250 მეხანძრე-მაშველი;
- 50 სახანძრო-სამაშველო და სხვა ავტოტექნიკა;
- დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი;
- სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი;
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი;
- ადგილობრივი პოლიციის შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში უკვე ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალები.
ამ ეტაპზე ადგილზე იმყოფება:
- ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მუხლუხებიანი სახანძრო სპეცტექნიკა MTLB (ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა),
- წყალმზიდები და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები.
- ბულდოზერები და წყალმზიდები (სატვირთო მანქანები წყლის ცისტერნით).
- წყალმზიდების მობილიზება სხვა რეგიონებიდანაც გრძელდება.
ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში, ჩართულნი არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.