შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
გომელაურმა გოგაშვილის სიტყვები დაადასტურა და თქვა, რომ შავნაბადას რაზმი მის დაქვემდებერაში იყო.
მისივე თქმით, სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც ოპერაციას ატარებდა, მის დაქვემდებარებაში იყო, თუმცა ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება არ გაუცია.
„არ ყოფილა სოსო გოგაშვილი ოპერაციის დროს პანკისში. ასევე, რატომღაც სპეცრაზმზე გაამახვილა ყურადღება. სპეცდანიშნულების რაზმი მექვემდებარებოდა პირადად მე და მას ვერავინ მისცემდა ბრძანებას. არ გაცემულა ის ბრძანება, რომ ვთქვათ ლიკვიდაცია მოეხდინათ ვინმესი, ამ შემთხვევაში მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია მოხდა, ძალიან სამწუხაროა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს. მძიმე იყო პირველ რიგში ოჯახისთვის და ყველა ჩვენგანისთვის. ასეთი ბრძანება არ გაცემულა. სპეცდანიშნულების რაზმს ვხელმძღვანელობდი მე, ჩემი საკურატორო იყო, მაგრამ მას ჰყავდა თავისი მეთაური რა თქმა უნდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.