დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს.
გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ქვეყნის განვითარებისა და პროგრესის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ევრო-ატლანტიკური სივრცის წევრობა.
„ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და არსებული პროგრესის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი ევრო-ატლანტიკური სივრცის, ამ დიდი ოჯახის წევრობა, ევრო-სტრუქტურებთან მეტი დაახლოება და ინტეგრაცია, ისევე როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორის, აშშ-ს დარგობრივ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, როგორც ყოველთვის, ჰქონდა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და თანადგომა პარტნიორი უცხოელი კოლეგებისგან, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. ჩემი მხრიდან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, უცხოელი კოლეგისა და მეგობარი ქვეყნის მიმართ, რომელთა მხარდაჭერით, დახმარებითა და აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ცენტრის მუშაობის გაძლიერება, არამედ ქვეყნის ერთიანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესება. იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომი თაობა განაგრძობს და კიდევ უფრო გააღრმავებს პარტნიორებთან თანამშრომლობას და უფრო მეტი წარმატებული ერთობლივი პროექტი განხორციელდება ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის სასარგებლოდ.
და ბოლოს, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მინდა მადლობა გადავუხადო 2013 წლის დასაწყისიდან, ჩემი ამ პოზიციის დაკავებიდან მოყოლებული, ქვეყნის მმართველ გუნდს, მთავრობას - აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ჯანდაცვის მინისტრებს, ცალკე გამოვყოფ კოვიდ-პანდემიის პერიოდში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ჩვენი ცენტრის ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერას და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლიერება საქართველოს მოსახლეობას, ვისაც სჯეროდა ჩვენი, ვისაც სწამდა და ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მიწოდებული რეკომენდაციები, ითვალისწინებდა და მომავალშიც გაითვალისწინებს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებულ რჩევებს და აღასრულებს მათ. როგორც მოსახლეობის კეთილგანწყობა, ასევე პოლიტიკის შემქმნელების ჩართულობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი საქმიანობისთვის, დასახული მიზნებისა და ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის, რაც კვლავ და კვლავ ქვეყნის ჯანდაცვის ინდიკატორების და შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებით გამოიხატება.
ნათქვამია, რომ „ყველაფერი, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული“. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო, სამედიცინო დარგში მოღვაწეობის მეოთხე ეტაპი მთავრდება, რომელიც კარიერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეულად დასამახსოვრებელია. რამდენად წარმატებულად გავიარე ეს მიმდინარე ან სხვა გასული ეტაპები მომავალში კოლეგები, ჩვენი საზოგადოება და დრო შეაფასებს. ჩემი მხრიდან, მინდა წარმატება ვუსურვო ცენტრის მომავალ ხელმძღვანელს, ასევე ჩვენს დიდ გუნდს, და ახალგაზრდა თაობას, რომელთა დაოსტატება და განვითარება ჩემი მუდმივი საზრუნავი იყო და ყოველთვის დიდი ხალისით და უკეთესი მომავლის იმედით ვცდილობდი მაქსიმალურად შემეწყო მათთვის ხელი. იმედს ვიტოვებ, რომ დაწყებული ყველა პროექტი დასრულდება საუკეთესო შედეგით, ხოლო ახალი წამოწყებები კიდევ მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ქვეყანას.
მადლობა ჩემთვის მოცემული შესაძლებლობებისთვის. მუდამ საქართველოსა და ჩვენი თითოეული მოქალაქის სამსახურში მიგულეთ“, - წერს გამყრელიძე.