„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა მოუწოდა სასწრაფოდ გამოეხმაურონ რუსების ჩაგვრას საქართველოში“, - ამ სათაურით პუტინის მედია, Lenta.ru სტატიას აქვეყნებს.
მასალას ირაკლი კობახიძის ფოტო აქვს დართული.
„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს რესპუბლიკაში რუსების ჩაგვრის ნებისმიერ შესაძლო ფაქტს. ამის შესახებ ბრიფინგზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოუწოდა“, - წერს გამოცემა „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით.
სტატიაში ის მესიჯბოქსებია ციტირებული, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებს.
„პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელის თქმით, ქართული რადიკალური ოპოზიციური პარტიები, მათი ტელეარხები და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ბოლო დროს აქტიურად აწარმოებენ „შოვინისტურ და ქსენოფობიურ“ კამპანიას საქართველოში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. ამასთან, კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ავტორებს „არანაირი კავშირი არ აქვთ ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან“ და მათი ერთადერთი მიზანია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნა“, - ვკითხულობთ სტატიაში.