დიდი დაპირისპირება კულტურის მინისტრს თეა წულუკიანსა და თბილისის მერს კახა კალაძეს შორის.
თეა წულუკიანმა კულტურის მემკვიდრეობის საბჭოდან, რომელიც ძველ თბილისში მშენებლობის ნებართვებს გასცემს, წევრები გამოიყვანა.
მინისტრმა გადაწყვეტილება ყოველგვარი ოფიციალური განცხადების გარეშე მიიღო. კომისიის წევრებმა დღემდე არ იციან, რა მიზეზით დაატოვებინეს საბჭო ან როდის დაბრუნდებიან უკან.
წულუკიანის ამ გადაწყვეტილებით, საბჭოში კახა კალაძის 4 წევრი და 3 დამოუკიდებელი ექსპერტი დარჩა. შესაბამისად დარღვეულია ბალანსი და ხმები ისე იყოფა, რომ თბილისის მერიას შეუძლია ნებისმიერ წარმოდგენილ პროექტს მსვლელობა თავად მისცეს და თავადვე გადაწყვიტოს.
როგორც ტელეკომპანია „პირველი“ ავრცელებს ინფორმაციას, კულტურის მინისტრი კახა კალაძის უპირატესობამ გააღიზიანა, რადგანაც 2018 წლიდან თბილისის მერია და კულტურის სამინისტრო საბჭოს ერთხმად ამტკიცებს - საბჭოში სულ 9 ადამიანია, აქედან სამი კულტურის სამინისტროდან, ოთხი თბილისის მერიიდან, ხოლო სამი ნეიტრალურია.
მედიის ინფორმაციით, პირველი განხეთქილება ერთ-ერთ პროექტზე მოხდა, რომელსაც წულუკიანი ეწინააღმდეგებოდა, ხოლო კალაძე დათანხმდა. ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ ორ ლიდერს შორის ურთიერთობა დაიძაბა.
უკვე 6 თვეა საბჭოში კულტურის მინისტრის წარმომადგენლები სხდომებს აღარ ესწრებიან, ამ 6 თვის განმავლობაში კალაძე და წულუკიანი ერთმანეთის მიერ დაორგანიზებულ ღონისძიებებსაც არ ესწრებიან.
სანამ წულუკიანი ბოიკოტს უცხადებს კალაძეს, ამასობაში თბილისის მერი დამოუკიდებლად გადაწყვეტს კულტურ-მემკვიდრეობის ტერიტორიებზე რა პროექტი განხორციელდება.