„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ და „დროას“ წევრმა, ნინო დოლიძემ ორბელიანების სასახლეში ეროვნული შეთანხმების საკითხზე სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამართული შეხვედრა დროზე ადრე დატოვეს.
შეხვედრიდან გამოსულმა ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საუბარი ძირითადად წარსულის შეფასებას ეხებოდა, მისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პრობლემების შესახებ მიმდინარეობდეს.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია დღევანდელი პოლიტიკური პრობლემების მოგვარების ირგვლივ საუბარი და ამ მიმართულებით გეგმების დასახვა. მე მოლოდინი პრეზიდენტის აქტიურობასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, მაქვს ეს. რაც კეთდება აქ საინტერესოა, მაგრამ მე რაც დავინახე დღეს, ეს არის წარსულის შეფასება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მედიასთან კომენტარი გააკეთა ნინო დოლიძემაც და აღნიშნა, რომ დღეს წარსულის თვისებრივი კვლევის ნელი პროცესის დრო არ არის.
„ძირითადად ისაუბრა ქალების როლზე ამ პროცესებში და საუბარი იმაზე, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ რეფლექსია ჩვენს უახლოეს წარსულზე, რომ გავიაზროთ, საიდან მოდის ეს უთანხმოება, თუმცა მე მგონია, რომ დღეს ასეთი თვისებრივი კვლევის ნელი პროცესების დრო არ გვაქვს“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.