სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული შეთანხმების საკითხის განხილვისას მთავარი აქცენტი მომავალზე უნდა გაკეთდეს.
როგორც ომბუდსმენმა ორბელიანების სასახლესთან თქვა, პრეზიდენტის მიერ გამართულ შეხვედრაზე მივიდა იმიტომ, რომ გაიგოს, როგორი ხედვა აქვს სალომე ზურაბიშვილს.
„ჩემი აზრით, ამ პროცესში მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს მომავალზე, რა თქმა უნდა, წარსულის შეფასება მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი, მათ შორის წარსულის შეფასებაც იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ ჩვენ მომავალზე ვკონცენტრირდეთ და ამ პროცესის შედეგად მოხდეს შეთანხმება, როგორი სახელმწიფო გვინდა გვქონდეს, როგორი ინსტიტუტები უნდა გვქონდეს ქვეყანაში,თუმცა ბოლო პერიოდში მე მაინც მესმის პრეზიდენტისგან ის გზავნილები, რომ მთავარი გზავნილი ამ პროცესის იქნება წარსულის შეფასება. ამიტომ დღეს მე მოვედი, რომ ვნახო, რა არის პრეზიდენტის გზავნილი ან ხედვა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.