„ჩვენ თუ ევროკავშირს კოლექტიური კობახიძეები ვაჩვენეთ, არსად მიგვიღებენ იმიტომ, რომ ამ ადამიანმა საერთოდ არ იცის არც კონსტიტუცია, არც საუბარი და ეთიკა, არაფერი იცის”,- ამის შესახებ პოლიტიკოსმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, შეკრება თავისი შინაარსით ძალიან კარგი იყო და პრეზიდენტმა აჩვენა, რომ არსებობს ერთი კონსტიტუციური, მნიშვნელოვანი ორგანო, რომელსაც კონსტიტუციით სახელმწიფო მეთაურის სტატუსი და სწორი ხედვა აქვს.
„გუშინ არ იყო არც მიტინგი და არც მანიფესტაცია. ეს იყო შეკრება ყოველგვარი სპეცმომზადებისა და ორგანიზების გარეშე, საკმაოდ მაღალი წნეხის და არასწორი პოლიტიკური დებატების ფონზე. იქ ბევრი ისეთი ადამიანი ვნახე, რომელთა პოზიცია ყოველთვის არის მყარი და შეუცვლელი, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ბედს. ადამიანებს რაოდენობის მიხედვით არ დავითვლიდი. უფრო პროცესია მნიშვნელოვანი. მგონია, ეს შეკრება ძალიან კარგი იყო თავისი შინაარსით - თითქმის ყველა დიპლომატი იქ იდგა, პრეზიდენტის გვერდით. პრეზიდენტის ამ ნაბიჯებს, ამ გაბედულ სვლებს ძალიან ვაფასებ, რადგან როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, მან აჩვენა რომ არის ერთი კონსტიტუციური მნიშვნელოვანი ორგანო, რომელსაც კონსტიტუციით სახელმწიფო მეთაურის სტატუსი და სწორი ხედვა აქვს. ეს ხედვა ემთხვევა ხალხის ხედვას, ამის დემონსტრირება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თორემ ჩვენ თუ ევროკავშირს კოლექტიური კობახიძეები ვაჩვენეთ, არსად მიგვიღებენ. იმიტომ, რომ ამ ადამიანმა საერთოდ არ იცის არც კონსტიტუცია, არც საუბარი და ეთიკა, არაფერი იცის. როდესაც ხელისუფლებაში ვიყავი მასზე მაშინაც ვსაუბრობდი, რომ ძალიან სახიფათო მოცემულობა იყო. პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო, მაშინაც ვამბობდი, რომ სახიფათოა. ახლა პარლამენტს კი არა, ქვეყანას ახვევს ანტიდასავლურ ცეცხლში. ეს ძალიან სახიფათო ენაა, რომლითაც მას ალაპარაკებენ. ის არ ლაპარაკობს, ალაპარაკებენ. ვინც ალაპარაკებს, უნდა ესმოდეს, რომ მასაც აზიანებს და მთლიანად პარტიასაც. პრეზიდენტს რომ თავს ესხმის, არ მიკვირს. ვხედავთ, ვინც კი წინ გადაუდგა და განსხვავებულად ისაუბრა, ყველას მიმართ როგორ იქცევიან. კობახიძის ენაზე საუბარი შეუძლებელია, დარწმუნებული ვარ, არც პრეზიდენტი უპასუხებს. თუ სალომე ზურაბიშვილს იცნობ, უნდა იცოდე, რომ მასთან ასეთი ენით საუბარი უკურეაქციას იქვევს“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.