ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დილის და „ლიტერატურული სამკუთხედის“ გადაცემები სტუდიის გარეშე დარჩნენ.
როგორც დილის გადაცემის წამყვანმა, ლაშა ნაკაიძემ განაცხადა, სტუდიის დატოვება მოუწიათ და გადაცემებს ღია ცის ქვეშ ჩაწერენ.
„მთავარი არხი“ ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია, ჩვენ მოგვიწია სტუდიების დატოვება...
არ აქვს მნიშვნელობა, საიდან გავალთ ეთერში, მთავარია, ერთად ვიქნებით“, - ამბობს გადაცემის წამყვანი.
„ლიტერატურული სამკუთხედის“ წამყვანი ნენე კვინიკაძე კი აცხადებს, რომ გადაცემას სტუდია აღარ აქვს და გადაცემის გუნდი ეძებს ახალ სივრცეს.
„აღარ გვაქვს სტუდია. ვეძებთ სივრცეს, საიდანაც შაბათს ლიტერატურული სამკუთხედი ეთერში გავა“, - აღნიშნავს მწერალი და „მთავარი არხის“ გადაცემა „ლიტერატურული სამკუთხედის“ წამყვანი, ნესტან ნენე კვინიკაძე.
ცნობილია, რომ „მთავარ არხს“ გადაცემებისთვის პავილიონი „ომეგა ჯგუფმა“ დაუთმო და დაარსების დღიდან გადაცემები ამ სივრციდან მაუწყებლობდა. „ომეგა ჯგუფი“ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის საკუთრებაა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ოქუაშვილმა პირადად მიიღო.