„ნაცმოძრაობის“ ლობისტი თუ ვინმეა, თავისი ინტერესი აქვს და ეს ინტერესიც კონკრეტული მიზეზებითაა ნაკარნახევი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ამასთან, კობახიძის თქმით, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციური ამოცანაა, რაც შეეხება მოლდოვას, მას პირდაპირ კონსტიტუციის დონეზე აქვს გამოცხადებული ნეიტრალიტეტი, ანუ, პირდაპირ ამბობს უარს ნატო-ზე.
„რამდენიმე დღის წინ, მოლდოვის პრეზიდენტმა პირდაპირ გააკეთა განცხადება, რომ არავითარ შემთხვევაში არ აპირებს დსთ-ს დატოვებას იმ პრივილეგიების გამო, რომელსაც ის იღებს როგორც რუსთიდან, ისე დსთ-ს წევრი სხვა ქვეყნებიდან. თქვენ ნახეთ, რამდენად დიდია სხვაობა ჩვენს დეკლარირებულ და პრაქტიკულ კურსსა და მათ დეკლარირებულ და პრაქტიკულ კურსს შორის. ავიღოთ კორუფცია, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ევროკავშირისთვის. კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ მოწინავე პოზიციაზე, როგორც კორუფციასთან მებრძოლი ქვეყანა და დაბალი მაჩვენებლის თვალსაზრისით. რაც შეეხება მოლდოვას, იქ არის მძიმე ვითარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი.
რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ნაწილში ვალდებულებების შესრულებას, ეკონომიკური ნაწილში თანამშრომლობას და ა.შ. ჩვენ თითქმის ყველა პარამეტრში გვაქვს ძალიან დიდი უპირატესობა როგორც მოლდოვასთან, ასევე უკრაინასთან. თუ ვინმეს დაჭერაზეა საუბარი, ევროკავშირის კადიდატობაზე მოლდოვის მიერ განაცხადის წარადგენის შემდეგ აღძრეს საქმე ყოფილ პრეზიდენტ იგორ დოდონზე და რამდენიმე დღეში დაიჭირეს კიდეც ამ ბრალის საფუძველზე. რაც შეეხება თვითონ საქმის შინაარსს და შემდეგ ვისაუბროთ ფაქტებსა და აღქმებზე.
შინაარსი არის, რომ იგორ დოდონს მეორე მდიდარ პოლიტიკოსთან ჰქონდა შეხვედრა და შეხვედრის დასასრულს მან შავი პარკი გადასცა. არის ეჭვი, რომ აქ იყო ფული, თუმცა არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, გარდა იმისა, რომ ჩანს პარკის გადაცემა. რა თქმა უნდა, ვარაუდები ყველას შეიძლება, ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორია სისხლის სამართლის მტკიცების სტანდარტი. ამაზეა დაჭერილი ყოფილი პრეზიდენტი. პრორუსობისთვის, პროდასავლურობისთვის და ორიენტაციისთვის ვერავის დაიჭერ და ვერც ვერავის გაათავისუფლებ, ეს ერთი და მეორე – მე მგონია, რომ ყველაზე მეტი რუსული საქმე ამ ქვეყანაში, პოსტსაბჭოთა სივრცეში აკეთა სწორედ სააკაშვილმა. შედეგებით ვიმსჯელოთ – რუსეთს გადაეცა ტერიტორიების 20%, გადაეცა სტრატეგიული ობიექტები, აღარ გავგრძელებ სიას. თან ეს ყველაფერი კონკრეტული ნაბიჯებით გაკეთდა. თავად იმსჯელეთ საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.