„პარლამენტში იქნები თუ ტელევიზიაში, ერთნაირად ხარ „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზაალ უდუმაშვილის წასვლასა და მის მედიაში დაბრუნებას გამოეხმაურა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „მის კუთვნილ ტელევიზიას შორის“ ზღვარია წაშლილია.
„ისედაც ყველამ ვიცით, რომ ყოველგვარი ზღვარია წაშლილი ამ პოლიტიკურ პარტიასა და მის კუთვნილ ტელევიზიას შორის. თავადაც თქვა უდუმაშვილმა - ბრძოლის ველზე ვრჩები, არსად მივდივარო. თავად აღიარა, რომ არავითარი ზღვარი არ არსებობს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ამ პარტიის კუთვნილ ტელევიზიებს შორის. პარლამენტში იქნები თუ ტელევიზიაში, ერთნაირად ხარ ამ პოლიტიკური პარტიის შემადგენელი ნაწილი და ეს უდუმაშვილმა აღიარა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.