პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე დღეს დაგეგმილი პოლიტიკური დებატები ტექნიკური მიზეზით გადაიდო და ხვალ გაიმართება.
კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ექნებათ კითხვა ოპოზიციის მისამართით.
„იქით აქარწყლონ ჩვენი არგუმენტები, იქით გვაქვს ჩვენ მოსადავებელი მათთან, არავითარი საფუძველი არ აქვთ, ისე აწარმოებენ ქართული სახელმწიფოს, მათ შორის ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას.
იცით, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური მიღწევები ყველა მიმართულებით - ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია.
ამას მიაღწია საქართველომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. ახლა ჩვენ წარვადგინეთ კანდიდატობაზე განაცხადი, შევასრულეთ ასოცირების ვალდებულებების 45 პროცენტზე მეტი და ა.შ. გვაქვს უპრეცედენტო წინსვლა და ვუსწრებთ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას. ამ პირობებში, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი მაინც აწარმოებენ აგიტაციას საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.
შეიძლება, დავაკონკრეტოთ, კიბატონო, ზოგადად ყველამ ვიცით, ვინ დადის კაბინეტებში, დერეფნებში და ვინ რა აგიტაციას აწარმოებს, ამაზე შეგვიძლია, მეტი კონკრეტიკაც მოგაწოდოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.