პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე დღეს დაგეგმილი პოლიტიკური დებატები ტექნიკური მიზეზით გადაიდო და ხვალ გაიმართება.
კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ექნებათ კითხვა ოპოზიციის მისამართით.
„ხვალ იქნება დებატები, გადაიდო ტექნიკური მიზეზით. ყველამ ამჯობინა, რომ 12:00 საათიდან დაწყებულიყო დებატები, შეთანხმება იყო ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, გადაიდო. რაც შეეხება დებატების შინაარსს, ამაზე ხვალ გაიგებთ. ჩვენ გვექნება მარტივი კითხვა, როდესაც აწარმოებენ აგიტაციას იმის წინააღმდეგ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რას ეფუძნება ეს შინაარსობრივად. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, პუნქტობრივად მათ ჩამოთვალონ, რის გამო ფიქრობენ, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ამაზე გვექნება ძალიან საინტერესო დისკუსია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.