„ქართული ოცნება“ პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს დაიბარებს, მინისტრის საათის ფარგლებში კი ოთხშაბათს ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენს.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.
„ხვალინდელი ინტერპელაციის წერილი ჩვენი ფრაქციიდან, გაეგზავნება ორ მინისტრს. ესენი არიან ეკონომიკის მინისტრი, რომელსაც დაესმება კითხვები ინფლაციასთან დაკავშირებით, მათ მოქმედებებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას ახდენს რეგიონში მიმდინარე ძალიან ნეგატიური მოვლენები და მიმდინარე ომი საქართველოს ეკონომიკაზე და რა ღონისძიებებს ატარებს საქართველოს მთავრობა. ეს იქნება ეკონომიკის მინისტრთან ორი კითხვა და იქნება ასევე, ბუნებრივია, ყველაზე აქტუალური საკითხი არის ევროკავშირში ჩვენი განაცხადი და საგარეო საქმეთა მინისტრს ჩვენ დავიბარებთ ინტერპელაციის წესით და ის ისაუბრებს ჩვენი კითხვის საპასუხოდ ამ საკითხებზე.
ასევე, ოთხშაბათს გვექნება მინისტრის საათი პარლამენტის წინაშე და ამ ფორმატში წარდგება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი და საქართველოს პარლამენტი მოუსმენს ჯანდაცვის მინისტრს“, - განაცხადა მდინარაძემ.