„ნინო წილოსანს პრობლემად არ მიაჩნია ათასობით ჩვენი მოქალაქის მკვლელობა, ეთნიკური წმენდა, საბჭოთა ოკუპაცია და ის სისხლის მდინარეები, რაც საქართველოში დააყენა სტალინის რეჟიმმა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
კანდელაკის შეფასებით, წილოსანის განცხადება „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის საუკეთესო შეჯამებაა.
„თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტ შეურაცხყოფას განიცდის საქართველო, ვიდრე პუტინისგანო - ეს არის გამაოგნებელი განცხადება, ტვინში სისხლი ჩამექცა, როდესაც ეს მოვისმინე. წილოსანის ეს განცხადება "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის კვინტესენცია და საუკეთესო შეჯამებაა. არის ერთ განცხადებაში მოქცეული ის, თუ რაში მდგომარეობს მათი საგარეო პოლიტიკური „დე - ენ - ემ“-ი. მას პრობლემად არ მიაჩნია ათასობით ჩვენი მოქალაქის მკვლელობა, ეთნიკური წმენდა, საბჭოთა ოკუპაცია და ის სისხლის მდინარეები, რაც საქართველოში დააყენა სტალინის რეჟიმმა და პრობლემად მიაჩნია უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის სამართლიანი კრიტიკა საქართველოს მისამართით, რომელიც ამ ომში იქცა, როგორც რუსეთის რბილი სატელიტი“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.