თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე „რემდესივირთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ბატონმა გიორგი კამკამიძემ ა.წ. 2 თებერვალს გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის ტრადიციულად გამოდის COVID ავადმყოფების სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების წინააღმდეგ ერთი იმიტომ, რომ, მისი აზრით, „რემდესივირი“ უეფექტოა?! და მეორე იმიტომ, რომ „რემდესივირს“ თითქოს თეორიულად შეუძლია გამოიწვიოს COVID-ით ავადმყოფების ორგანიზმში არსებული ლატენტური ჰერპესვირუსების (მათ შორის პოტენციურად ონკოგენურის) რეაქტივაცია.
მიმაჩნია, რომ ამ საკითხის სოციალური ქსელით განხილვა ძალიან სერიოზული შეცდომა იყო, ვინაიდან „რემდესივირით“ უკვე ნამკურნალებ ათასობით პაციენტს შესაძლოა, რაღაც სრულიად უსაფუძვლო ეჭვები გაუჩნდეს, ხოლო მეორე ნაწილმა შესაძლოა, მომავალში თავი შეიკავოს „რემდესივირით“ მკურნალობისგან, რაც ნეგატიურად აისახება მათ ჯანმრთელობასა და დაავადების გამოსავლებზე“, - წერს თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში.