საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გათვალისწინებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
მათივე განმარტებით, რუს ჟურნალისტ ვლადიმირ სოლოვიოვთან ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ინტერვიუს ცალკეული ამონარიდები რუსულ მედიაში მიზანმიმართული აქცენტებითა და ინტერპრეტაციებით გავრცელდა.
„ბელარუსსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ბელორუსი ამ მხრივ რჩება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ერთგული.
რაც შეეხება ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინტერვიუს რუსულ ტელეარხთან, მისი ინტერვიუდან ცალკეული ამონარიდები, როგორც ყოველთვის ამჯერადაც მიზანმიმართული აქცენტებით არის ინტერპრეტირებული რუსული მედიის მხრიდან და ისე მოწოდებული საზოგადოებისთვის“, - განაცხადეს საგარეო უწყებაში.
ცნობითვის, საუბარია რუსული გამოცემების ინფორმაციაზე, რომ ლუკაშენკო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ გამორიცხავს. ჟურნალისტმა ლუკაშენკოს კითხვა დაუსვა, იმის შესახებ, თუ როდის აპირებს ბელარუსი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. კითხვაზე ლუკაშენკომ შემდეგი უპასუხა – „არსებობს ამის აუცილებლობა?… როდესაც მივხვდები და პრეზიდენტი მეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობს…“.