ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გახდება.
მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარ ინფორმაციას, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის სატელეფონო ჩანაწერის გადასაფარად იყენებენ.
"აბსოლუტურად, 100%-ით ტყუილია. არის ხოლმე პატარა, 1% მაინც ხოლმე და შემდეგ პროპაგანდა 99%-ს მიაბამს. არც შემოთავაზება, არც განხილვა, არც მოთელვა, არაფერი მსგავსი არ ყოფილა. სააკაშვილთან მქონდა მიმოწერა უკრაინაში წასვლამდე, ერთად დავგეგმეთ უკრაინაში წასვლა.
სავარაუდოდ, დალაგებული აქვთ ასეთი მოგონილი სკანდალები და არის ხოლმე რაღაც ამბის გადაფარვის მცდელობა. აი, გუშინდელი ამბავი, სავარაუდო განხილვა ოლიგარქებს შორის ფულის სავარაუდო გათეთრებასთან დაკავშირებით, ეტყობა, ეს ამბავი ძალიან მძიმეა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს ასეთი ნიუსქარიშხალის მოწყობას ვერაფრით ავხსნი", - განაცხადა მარგველაშვილმა.