„არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას“ - თენგიზ ცერცვაძე პანდემიის დასრულებაზე

„არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას“ - თენგიზ ცერცვაძე პანდემიის დასრულებაზე
22-04-2022, 00:14 - 2022
647

„ბოლო ორი კვირის მანძილზე საქართველოში, ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად, 1 მილიონ მოსახლეზე COVID გარდაცვალების შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე ამერიკის და ევროპის სრულად ვაქცინირებული ქვეყნების უმეტესობაში“, - ამის შესახებ განცხადებას ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს.
 
მისივე თქმით, ქართველი ექიმების განკარგულებაშია, როგორც ჰოსპიტალიზებული, ისე ბინაზე დარჩენილი COVID პაციენტების პროაქტიური მართვისთვის აუცილებელი საუკეთესო მედიკამენტების სრული პაკეტი.
 
ბოლო პერიოდში ქვეყანაში აღინიშნება COVID ეპიდსიტუაციის მკვეთრად გამოხატული დადებითი დინამიკა, როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობის, ისე გარდაცვალების შემთხვევების მხრივ. ბოლო ორი კვირის მანძილზე საქართველოში, ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად, 1 მილიონ მოსახლეზე COVID გარდაცვალების შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე ამერიკის და ევროპის სრულად ვაქცინირებული ქვეყნების უმეტესობაში - აშშ, კანადა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, ფინეთი, ნორვეგია, ავსტრია, დანია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ხორვატია, სლოვენია, რუსეთი, ნიდერლანდები, მოლდოვა, შვეიცარია, პოლონეთი და ბევრი სხვა. საყურადღებოა, რომ ბოლო 2 კვირაში საქართველოში 1 მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობა ბევრად ნაკლებია იმ ქვეყნებთან შედარებითაც კი, რომლებიც ყოველთვის გამოირჩეოდნენ დაბალი სიკვდილიანობით (ჰონგ კონგი, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისრაელი და სხვ.). ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფს შორის გარდაცვალების პროცენტი - ე.წ CFR -ის (case fatality rate) საქართველოს მსოფლიოს 119 ქვეყანაზე უკეთესი (უფრო დაბალი) აქვს. ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა COVID პაციენტების კლინიკური მართვის ოპტიმიზაციის, პაციენტების პროაქტიური მკურნალობის და უახლესი მედიკამენტების, პირველ რიგში რემდესივირის, ასევე ბარიციტინიბის და ტოცილიზუმაბის ფართოდ გამოყენების შედეგად. უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყანაში პირველი ტაბლეტირებული ანტივირუსული მედიკამენტის პაქსლოვიდის შემოტანა და პრაქტიკაში დანერგვა. საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში და ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, ვინც ეს გააკეთა.
 
ამდენად, დღეს ჩვენი ექიმების განკარგულებაშია, როგორც ჰოსპიტალიზებული, ისე ბინაზე დარჩენილი COVID პაციენტების პროაქტიური მართვისთვის აუცილებელი საუკეთესო მედიკამენტების სრული პაკეტი. 100-ზე მეტი COVID კლინიკის და 200-მდე “online” კლინიკის ექიმებს გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი/მომზადება, რაც ამ პაკეტის ეფექტიანი გამოყენების აუცილებელი პირობაა. ამდენად, ქვეყანაში არსებობს ყველა პირობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება ცოტა COVID ავადმყოფს დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია, რაც შეიძლება ცოტა მოხვდეს რეანიმაციაში და მინიმუმამდე შემცირდეს გარდაცვალების შემთხვევები. ამისთვის აუცილებელია, რომ ყველა მოქალაქემ, ვისაც აღენიშნება COVID-ზე საეჭვო თუნდაც მინიმალური სიმპტომები, დაუყოვნებლივ ჩაიტარონ COVID ტესტირება და დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში ზედმიწევნით შეასრულონ ოჯახის ექიმის მითითებები და რეკომენდაციები“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
 
ასევე, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ეპიდსიტუაციის დადებითი დინამიკისა და სტაბილიზაციის მიუხედავად არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას და უნდა გვახსოვდეს, რომ COVID პანდემია არსად წასულა.
 
„ხშირად გვეკითხებიან, რით აიხსნება, რომ ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად, საქართველოში ბოლო 2 კვირის მანძილზე COVID სიკვდილიანობა ნაკლებია, ვიდრე ბევრ (70-ზე მეტ) სრულად ვაქცინირებულ ქვეყანაში. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ვაქცინაცია არც ისე მნიშვნელოვანი ყოფილა? კატეგორიულად არა. მოსახლეობის სრული ვაქცინაციის გარეშე COVID პანდემიის ბოლომდე დაძლევა შეუძლებელია. ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს COVID ინფიცირების რისკს და განსაკუთრებით მკვეთრად (სულ ცოტა 10-ჯერ) ამცირებს COVID გარდაცვალების შემთხვევებს. შესაბამისად, საქართველოში ვაქცინაციით მოცვა ისეთივე მაღალი რომ იყოს, როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, მაშინ ჩვენთან COVID სიკვდილიანობა კიდევ უფრო დაბალი იქნებოდა.
 
და ბოლოს - COVID ეპიდსიტუაციის დადებითი დინამიკისა და სტაბილიზაციის მიუხედავად არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას. უნდა გვახსოვდეს, რომ COVID პანდემია არსად წასულა და მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში (სამხრეთ კორეა, გერმანია, საფრანგეთი, აშშ, ჰონკონგი, იტალია, ავსტრალია, ბრიტანეთი და სხვ.) ჯერ კიდევ აღინიშნება ახალი შემთხვევების და გარდაცვალების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები.
 
საქართველოში პრაქტიკულად მოხსნილია ყველა მნიშვნელოვანი შეზღუდვა. ქვეყანა და მისი მოსახლეობა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას, რომელიც ყველას ასე ძალიან მოგვენატრა. უმჯობესდება ქვეყნის ეკონომიკა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ. ამისთვის აუცილებელია სიფხიზლე და რაც შეიძლება მეტი ადამიანის აცრა და რა თქმა უნდა, მოსახლეობის მჭიდრო თანამშრომლობა ექიმებთან
“, - აცხადებს ცერცვაძე.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა