ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტი ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, ის მხარს დაუჭერს საბჭოთა კავშირის აღდგენას.
ბიბილოვმა აღიარა, რომ „1930-იან წლებში სერიოზული ექსცესები“ იყო, მაგრამ, მისი განმარტებით, საბჭოთა კავშირი, როგორც სახელმწიფო, მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ „მისი მოქალაქეებისთვის“, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
„ეჭვგარეშეა, რომ მე მის აღდგენას მხარს დავუჭერ. მადლობა ღმერთს, რომ საბჭოთა კავშირში დავიბადე. მე ვხედავდი ერთმანეთის მიმართ მაშინდელ დამოკიდებულებას, მაშინ ეროვნებებს არ განვარჩევდით. ვცხოვრობდით, როგორც ერთი დიდი ოჯახი.
სინამდვილეში, დიდი სამამულო ომის შემდეგ 1990-იან წლებამდე ევროპაში ომი არ ყოფილა. როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაშინვე იუგოსლავიამ, სამხრეთ ოსეთმა, აფხაზეთმა, ცენტრალურმა აზიამ მთელი მსოფლიო ააღელვა. ბრალი ამაში, პირველ რიგში, აშშ მიუძღვის, რადგან მას არ აწყობდა საბჭოთა კავშირის მსგავსი ძლიერი სახელმწიფო, რომელშიც ეროვნებებსა და ხალხებს ასეთი შინაგანი ურთიერთობები ჰქონდა“, - აღნიშნა ბიბილოვმა.