„ორი ფაქტორია - სამხედრო ინტერვენციის რისკი და ეკონომიკური მხარე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „TV იმედის“ ეთერში განაცხადა.
ის ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ნაწილში უკრაინას მაქსიმალურ მხარდაჭერას უწევს.
„ჩვენ ვთქვით ცალსახად, რომ ეკონომიკურ სანქციებს არ დავაწესებდით ორი მიზეზის გამო. ერთი მიზეზი უკავშირდება სამხედრო ინტერვენციის რისკს და, რა თქმა უნდა, სანქციები არის ამასთან პირდაპირ კავშირში. და მეორე უკავშირდება ეკონომიკურ საკითხებს - ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და ამ ურთიერთობების მყისიერი ჩაჭრა კარგად მოგეხსენებათ, რასაც გამოიწვევს, იქნება უმძიმესი შედეგები ქართულ ეკონომიკაზე, იგივე ენერგეტიკის სფეროში ძალიან მძიმე იქნება ამ კავშირების ჩაჭრა რუსეთთან.
ასევე, მხედველობაში უნდა მივიღოთ ჩვენი ასი ათასობით მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ან რუსეთში ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
არის ორი ფაქტორი - ინტერვენციის რისკი და ეკონომიკური მხარე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ და ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ალტერნატივა. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი შეძლებლობების მაქსიმუმს უკრაინის მხარდასაჭერად, ისევე, როგორც მოქმედებს ძალიან ბევრი ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.