„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე გმობს „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვურ ვოიაჟს.
მისი თქმით, ისინი პატრიოტები კი არა, მოღალატეები არიან.
„ბუჩას ტრაგედიის შემდეგ, როცა ბავშვებზე ძალადობენ, კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, სჩადიან ომის დანაშაულებს, იმ ხელისუფლებასთან ლაპარაკი მტერთან კოლაბორაციას ნიშნავს.
ესენი „პატრიოტთა ალიანსი“ არ არიან, ესენი არიან „მოღალატეთა ალიანსი“ და ასე მოვიხსენიოთ სხვა დროს ეს ადამიანები.
მათი მოსკოვში ვიზიტები უნდა განვიხილოთ შაჰ-აბასის მიერ კახეთიდან მოსახლეობის გადასახლების შემდეგ, კეთილმეგობრობაზე სასაუბროდ რომ ჩასულიყო შაჰ-აბასთან ქართული დელეგაცია. მსგავსი უმსგავსობა და უზნეობაა „პატრიოტთა ალიანსი“ დღეს რასაც აკეთებს.
პირდაპირ გეტყვით, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ალტ- ინფო“ არის რადიკალური დაჯგუფება „ქართული ოცნების“, რომ რასაც თავად ვერ ბედავს დასავლეთის შიშით, გაუკეთონ ჯგუფებმა“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.