„ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს, ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ედავება და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი მთავრობის წარდგენილ ელჩებს ბლოკავდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს,რომ გასაჯაროვდეს შიდა მიმოწერა, სადაც დასტურდება, რომ სალომე ზურაბიშვილი უარს ამბობს იმ დიპლომატების დამტკიცებაზე, რომელთა კანდიდატურაც მას მმართველმა პარტიამ შესთავაზა.
„სიმართლე არის მიმოწერაში, რაც დოკუმენტურად არის დადასტურებული და თუ ახლა საქმე იქამდე უნდა მივიდეს, რომ ეს დოკუმენტი უნდა გასაჯაროვდეს, არ გამოვრიცხავ რომ ეს დოკუმენტიც გასაჯაროვდეს“, - ამბობს ანრი ოხანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იყო გავრცელებული, ინფორმაცია ეხებოდა ელჩების დანიშვნას, დოკუმენტებში ეწერა, რომ სალომე ზურაბიშვილს ელჩების დანიშვნაზე უარი არ განუცხადებია. ამ განცხადების საპასუხოდ მთავრობამ განცხადება გაავრცელა და პრეზიდენტი ტყუილში დაადანაშაულა, პრეზიდენტის რეზიდენციამ მთავრობის ამ განცხადებას უზრდელობა უწოდა.