აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები აცხადებენ, რომ რუსეთმა ჩამოაყალიბა რამდენიმე ვარიანტი, როგორც საბაბი უკრაინაში შეჭრისთვის, მათ შორის პოტენციური პროპაგანდისტული ვიდეოს გამოყენება, რომელიც დადგმულ თავდასხმას ასახავს.
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების თქმით, ერთ-ერთი ვარიანტი არის გაყალბებული ვიდეო, სადაც ასახულია გვამები, მგლოვიარე ხალხი, უკრაინის ან მოკავშირე ქვეყნების კუთვნილი აღჭურვილობა და აფეთქების გრაფიკული შედეგები, რომლის სამიზნე რუსები არიან.
„ვიდეო გამოქვეყნდება იმის ხაზგასასმელად, რომ რუსეთის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება და ასევე სამხედრო ოპერაციების დასაწყებად საფუძვლის გასამყარებლად“, - განაცხადა ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მანვე დასძინა, რომ ვიდეო, გამოქვეყნების შემთხვევაში, შეიძლება, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დასაწყებად და გასამართლებლად მიზეზად იქცეს.
მედიასთან კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა და აღნიშნა, რომ პროპაგანდისტული ვიდეოს დამზადება არის ერთ-ერთი იმ ვარიანტებიდან, რომელსაც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის საბაბისთვის ამზადებს.
„ამ პროპაგანდისტული ვიდეოს დამზადება არის ერთ-ერთი იმ ვარიანტებიდან, რომლებსაც რუსეთის მთავრობა ამუშავებს, როგორც ყალბ საბაბს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დასაწყებად და პოტენციურად გასამართლებლად“, - თქვა ნედ პრაისმა.